დახმარება
როგორ მუშაობს მაღაზია.
ყველაფერი, რაც აქ არის აღწერილი, პანელიდან კეთდება: chemi-magazia.datastore.ge/admin. პროგრამის დაყენება ან კოდის დაწერა საჭირო არ არის.
შესვლა პანელში
პანელი შენივე მისამართზეა, ბოლოში დამატებული /admin-ით. პირველ ანგარიშს მაღაზიის მოწყობისას ჩვენ ვქმნით. პაროლის შეცვლა შემდეგ თავად შეგიძლია გვერდზე „ანგარიში".
თუ პაროლი დაგავიწყდა, შესვლის გვერდზე დააჭირე „დაგავიწყდათ პაროლი?" და ელფოსტაზე მიიღებ ბმულს, რომელიც ერთი საათის განმავლობაში მოქმედებს. დამატებითი დაცვისთვის გვერდზე „ანგარიში" ჩართე შესვლის კოდი: პაროლის შეყვანის შემდეგ ელფოსტაზე მიიღებ ექვსნიშნა კოდს, რომელიც ათი წუთი მოქმედებს.
პროდუქტები და კოლექციები
პროდუქტს სავალდებულოდ სჭირდება სახელი და ფასი, დანარჩენი ველები სურვილისამებრ ივსება. ფოტოები ჩანს იმ თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც ატვირთავ, პირველი ფოტო კი გარეკანად გამოიყენება.
ოფციები არის მახასიათებლები, რომლითაც პროდუქტი განსხვავდება: ზომა, ფერი, მოცულობა. ისინი ერთხელ აღიწერება გვერდზე „პროდუქტის ოფციები", შემდეგ კი თითოეულ პროდუქტს მონიშნავ საკუთარს. მარაგი ცალკე ითვლება თითოეულ კომბინაციაზე: მაგალითად, „წითელი / M" შეიძლება ამოიწუროს, „ლურჯი / M" კი გაყიდვაში დარჩეს.
კოლექციები პროდუქტებს მყიდველისთვის აჯგუფებს. კოლექცია შეიძლება ჩაიდოს სხვა კოლექციაში ერთი დონით, ხოლო გარეკანის ფოტოს მქონე კოლექცია მთავარ გვერდზეც გამოჩნდება.
გადახდის მიღება
გვერდზე „პარამეტრები → გადახდები" მონიშნავ, რომელ მეთოდს იღებ: ნაღდი ანგარიშსწორება მიწოდებისას, საქართველოს ბანკი ან თიბისი. თითოეული ბანკი ცალკე ეწყობა.
მიუთითე ანგარიში, რომელზეც ბანკი თანხას ჩარიცხავს, და ბანკის ხელშეკრულებიდან მიღებული მერჩანტის მონაცემები. ამის შემდეგ გადახდა ბანკის გვერდზე შესრულდება და შეკვეთა უკვე გადახდილი შემოვა. ღილაკი „შემოწმება" მონაცემებს შენახვამდე ამოწმებს.
- ბარათით გადახდაზე ბანკი იღებს საკომისიოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით.
- ბარათის მონაცემებს ჩვენ არ ვიღებთ: ისინი ბანკის გვერდზე შეიყვანება.
- გადაუხდელი ან შეწყვეტილი გადახდა ავტომატურად უქმდება და პროდუქტი მარაგში ბრუნდება.
შეკვეთები
ახალი შეკვეთის შესახებ წერილს ყველა ადმინი იღებს, მყიდველი კი დადასტურებას, თუ ელფოსტა მიუთითა. შეკვეთა გადის სტატუსებს: ახალი, დადასტურებული, გაგზავნილი და დასრულებული. გაუქმების შემთხვევაში პროდუქტები ავტომატურად ბრუნდება მარაგში.
მარაგი მცირდება შეკვეთის გაფორმებისთანავე და არა გადახდის შემდეგ, რათა ერთი და იგივე პროდუქტი ორ მყიდველს არ მიეყიდოს.
მაღაზიის დიზაინი
გვერდზე „პარამეტრები → დიზაინი" აირჩევ ექვსი შაბლონიდან ერთს — თითოეულს გვერდის საკუთარი სტრუქტურა აქვს — და დაამატებ საკუთარ ფერებს, შრიფტს, კუთხეებსა და მთავარი გვერდის ყდას. ცვლილება მაშინვე ჩანს გვერდით მდგარ გადახედვაში, ასე რომ შედეგს შენახვამდე ხედავ.
ლოგო ასევე გამოიყენება ბრაუზერის ჩანართის ხატულად. ფოტოები საუკეთესოდ გამოიყურება კვადრატული ან 4:5 ფორმატით, ზომით 4 მბ-მდე.
თუ პასუხი ვერ იპოვე
მოგვწერე და პასუხს მიიღებ ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე.